დავით ზალკალიანი - საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზაობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს შევთავაზოთ ის სიკეთეები, რომლებსაც ევროკავშირის მხრიდან ვიღებთ
დავით ზალკალიანი - საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზაობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს შევთავაზოთ ის სიკეთეები, რომლებსაც ევროკავშირის მხრიდან ვიღებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც შეეხო საუბარი, – ამის შესახებ საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისითაც ვიდეოკონფერენცია ძალიან სასარგებლო იყო.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზაობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს შესთავაზოს ის სიკეთეები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირისგან იღებს.

„ბუნებრივია, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებს. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. მოგეხსენებათ, ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი აქტორია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და ეს კრიზისული სიტუაციაც უნდა იყოს გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა. საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზაობა, რომ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ ის სიკეთეები, რომლებსაც ვიღებთ ევროკავშირის მხრიდან, თუნდაც დახმარების სახით, თუ მათთვის სხვადასხვა პროგრამის გაზიარების კუთხით. ამ თვალსაზრისითაც კონფერენცია იყო ძალიან სასარგებლო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ამასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, ევროკავშირი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორების მხარდაჭერას აგრძელებს.