დავით ზალკალიანი - საქართველო უკრაინასთან მჭიდროდ თანამშრომლობს 
დავით ზალკალიანი - საქართველო უკრაინასთან მჭიდროდ თანამშრომლობს 

ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან და ვფიქრობთ, სხვადასხვა ფორმატებში გავაგრძელოთ თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა მიმართა და აღნიშნა, რომ დისკუსია არ იქნება სრულყოფილი თუ არ მოხდება უკრაინის საკითხის განხილვა.

„როდესაც ჩვენ ვფიქრობთ , თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მოღვაწეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატებში, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტები და ეს უნდა იყოს შავი ზღვა, ეს უნდა იყოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ვაჭრობა. ვერ დავეთანხმები კოლეგას პარლამენტიდან, რომ არ არსებობდა ორმხრივი შეხვედრები, პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, აქ იყო პრემიერ-მინისტრიც, პრეზიდენტიც, მათ შორის იყო შეხვედრა. ჩვენ მუდმივად ვიყენებთ სხვადასხვა ფორმატებს, სხვადასხვა შეკრებებს, შეხვედრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატს. მე მაქვს პირდაპირი კონტაქტი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, ბათუმის კონფერენციამდე მქონდა პირდაპირი საუბარი მასთან და ჩვენ გვინდა, მოვიწვიოთ უკრაინის წარმომადგენლებიც ამ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ვიცი, რომ თავდაცვის მინისტრი სამჯერ შეხვდა თავის კოლეგას, ასე, რომ არ დავეთანხმები იმ აზრს , რომ ჩვენ შეზღუდული გვაქვს კონტაქტები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.