დავით ზალკალიანი - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დგანან ერთნაირი გამოწვევების წინაშე, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, რუსეთთან კონფლიქტი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა
დავით ზალკალიანი - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დგანან ერთნაირი გამოწვევების წინაშე, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, რუსეთთან კონფლიქტი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბრიუსელში გვაქვს პირველი ერთობლივი ვიზიტი, რათა წარვადგინოთ თანამშრომლობის ახალი ფორმატი – ასოცირებული ტრიო, რომელიც ჩამოვაყალიბეთ როგორც ჩვენი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის კიდევ ერთი საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა წლების განმავლობაში ​ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე პოზიციების კოორდინაციას ახორციელებენ.

„წლების განმავლობაში ვახორციელებთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი პოზიციების კოორდინაციას. გარკვეულ ეტაპზე ვიგრძენით, რომ იყო შესაბამისი მომენტი, რათა ფორმალური სახე მიგვეცა ამ თანამშრომლობისთვის და მოგვეხდინა მისი ტრანსფორმაცია კონკრეტული მიზნებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი ერთგული პარტნიორები ვართ და აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარება და წინ წაწევა არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რასაც ეფუძნება ჩვენი სამეულის თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება არის სამი ასოცირებული ქვეყნის ინტერესებში. მჯერა, რომ სამი სხვა სახელმწიფოც, რომლებიც ჩვენი უახლოესი მეზობლები და მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, გააგრძელებენ ერთობლივად ამ ძალისხმევას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ასოცირებული ტრიო ჩართულია რეფორმების რთულ პროცესში, რომლის მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დაახლოება ევროკავშირთან.

„აშკარაა, რომ ასოცირებული ტრიოს პარტნიორობის მიზანი არის ევროკავშირის წევრობა, ამავე დროს,ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ წინაშეა. სწორედ ამიტომ, ჩართული ვართ რეფორმების რთულ პროცესში, რომლის მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, დაახლოება ევროკავშირთან, სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ჩვენი საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება.

ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ჩვენი ევროინტეგრაციის გასაძლიერებლად არის ასოცირების შეთანხმებების შესრულება. ეს არის ყველაზე მოწინავე ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირს გააჩნია თავის პარტნიორებთან მისი ყოვლისმომცველი ბუნებისა და ფართო მასშტაბის გათვალისწინებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმებები არის ეფექტიანი სახელმძღვანელო ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე დინამიური რეფორმების პროცესში. შეთანხმებები უზრუნველყოფს საფუძველს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გასაძლიერებლად. ისინი ითვალისწინებენ ასოცირებულ პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის შესაძლებლობას, ეტაპობრივად გვაძლევს წვდომას ევროკავშირის შიდა ბაზარზე, ასევე ითვალისწინებს ჩვენი კანონების, სტანდარტების და კვალიფიკაციის ევროპულთან ჰარმონიზაციას. თუმცა, ეკონომიკური ინტეგრაცია თვალსაჩინოა მხოლოდ ძლიერი, უსაფრთხო და სანდო კავშირის არსებობის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობა ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ციფრული ტრანსფორმაციის სფეროებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ასოცირებული ტრიოს დღის წესრიგში. პოლიტიკური გზავნილების გარდა, არის ბევრი პრაქტიკული მხარე, სადაც ჩვენ ვგეგმავთ ხელშესახები შედეგების მიღწევას და ჩვენ მიმართული ვართ შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე მრავალ სფეროში, რომელსაც ასოცირების შეთანხმება მოიცავს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დგანან ერთნაირი გამოწვევების წინაშე, რომლებიც ქვეყნების უსაფრთხოებასთან არიან დაკავშირებული.

„ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მიზნისა და ასოცირების შეთანხმების შესრულების საერთო ამოცანის გარდა, ჩვენი სამივე ქვეყანა დგას ერთნაირი გამოწვევების წინაშე, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, რუსეთთან კონფლიქტი არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა. ევროკავშირი არის მნიშვნელოვანი მოთამაშე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით, ესენია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ჟენევის საერთო დისკუსიებში ევროკავშირის თანათავმჯდომარე, არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი კონფლიქტის დარეგულირებაში.

რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით ბოლო ერთობლივი დოკუმენტი აღიარებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებს აქვთ სრული სუვერენული უფლება, თავად განსაზღვრონ თავისუფლად ევროკავშირთან ურთიერთობების სიღრმე და სიფართოვე. ჩვენ ვიცით, რომ დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ რუსეთთან ურთიერთობების საკითხს და ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირის მომავალი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში აღმოსავლეთ პარტნიორებთან დაკავშირებით კვლავ გააგრძელებს ამ მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, მტკიცე აღიარებას ჩვენი თითოეული ქვეყნის უფლებისა, განსაზღვროს თავის ურთიერთობები ევროკავშირთან ხალხის ნების შესაბამისად, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების მიმართ რუსეთის ჩარევის, დაშინებისა და სამხედრო კონფრონტაციის პოლიტიკის უარყოფა. მშვიდობა ევროპაში ყოველთვის იყო და რჩება ჩვენი ძალისხმევის მთავარი მიზანი. თუმცა მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში შეუძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარეშე. სწორედ ამიტომ ჩვენმა სამმა ქვეყანამ გააერთიანა ძალისხმევა, რათა ერთად გავაგრძელოთ ევროპული მოგზაურობა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპაში კომპანიონობას გაგვიწევენ ამ გზაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.