დავით ზალკალიანი - საქართველო, რომელიც დასავლეთის ერთადერთი და ყველაზე საიმედო პარტნიორია რეგიონში, საფრთხეებს მარტო ვერ გაუმკლავდება
დავით ზალკალიანი - საქართველო, რომელიც დასავლეთის ერთადერთი და ყველაზე საიმედო პარტნიორია რეგიონში, საფრთხეებს მარტო ვერ გაუმკლავდება

ერთობლივი მსვლელობები დაგვეხმარება საფრთხეებთან გამკლავებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„საფრთხეების გამკლავება გულისხმობს, რომ საქართველო, რომელიც არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთადერთი და ყველაზე საიმედო პარტნიორი რეგიონში, ამ საფრთხეებს მარტო ვერ გაუმკლავდება, გამომდინარე იქიდან, თუ რაოდენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მათ შორის, იგივე პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება სერიოზული ფინანსური რესურსის მოძიება და ვიხილეთ თუ როგორი ქმედითი და ხელშესახები იყო ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარება. ეს არის სწორედ მათი ჩართულობა, სადაც გვინდა. ჩვენ გვინდა ჩართულობა იგივე დეოკუპაციასთან მიმართებით, ჟენევის პროცესში მთავარი აქტორი აშშ, ევროკავშირი, ეუთო, გაერო, სწორედ ამას გულისხმობს მათი ჩართულობა და გამკლავება საფრთხეებთან. იგივე ახალ ფორმატებზე არის საუბარი, 3+3, რომელთან მიმართებით ჩვენ პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ და ცალსახაა, რომ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს, რაიმე სახის პლატფორმებში გაერთიანებას არ განვიხილავთ. ჩვენ გვინდა, ჩართული ვიყოთ, იზოლირებული არ ვიყოთ პროცესებისგან. უფრო მეტიც, სანაცვლოდ ვთავაზობთ ახალ პლატფორმას საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი, თბილისი – როგორც დიალოგი და ამ პროცესში გვინდა, შემოყვანილი იყვნენ ჩვენი პარტნიორები. სწორედ ეს არის ერთობლივი მსვლელობები, რაც ჩვენ დაგვეხმარება საფრთხეებთან გამკლავებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივი განცხადების თანახმად, აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას.