დავით ზალკალიანი - საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს 
დავით ზალკალიანი - საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს 

საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საბაჟო მონიტორინგის თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველომ საბაჟო მონიტორინგის განმახორციელებელ შვეიცარიულ კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულება შეასრულა.

„საქართველო არის თანმიმდევრული მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის, რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც გულისხმობს ამ ზონების მონიტორინგს. ერთ-ერთი ვალდებულება გახლავთ ფინანსური კონტრიბუცია შვეიცარული კომპანიის მიმართ. საქართველო პირნათლად ასრულებს ამ ვალდებულებას და ბუნებრივია, ჩვენ ვიმუშავებთ უკვე არსებულ ფორმატებში, რა ფორმატებიც არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით, რათა ხელშეკრულების შესაბამისი იმპლემენტაცია მოხდეს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საბაჟო მონიტორინგის თემაზე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ქართულმა მხარემ შვეიცარიულ კომპანიას მომსახურების თანხა 30 ნოემბერს გადაურიცხა, რუსეთმა კი, ეს ვალდებულება ჯერ კიდევ ივნისში შეასრულა. „ამრიგად, 2018 წლის 30 ნოემბერს დაიწყო სამთვიანი ტექნიკური მომზადების პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგ შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები დაიწყებენ მონიტორინგს სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალზე. ვიმედოვნებთ, 2011 წლის შეთანხმება, რომელიც რეგიონული ვაჭრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შემდგომი შეფერხების გარეშე იქნება რეალიზებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი