დავით ზალკალიანი – საქართველო მიესალმება აშშ-სა და „თალიბანს“ შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, როგორც ისტორიულ ნაბიჯს ავღანეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის
საქართველო მიესალმება აშშ-სა და „თალიბანს“ შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, როგორც ისტორიულ ნაბიჯს ავღანეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს და 29 თებერვალს აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხმაურება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეთანხმების სრულად შესრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„მშვიდობა და სტაბილურობა ავღანეთში კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, – წერს ზალკალიანი.
„თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას 29 თებერვალს დოჰაში მოეწერა ხელი. შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი.
#Georgia welcomes the signing of the agreement between the U.S. and Taliban as a historic step towards lasting peace in #Afghanistan. Full implementation is a key. Peace and stability in Afghanistan is critical for regional and global security. #AfghanPeaceProcess
— David Zalkaliani (@DZalkaliani) February 29, 2020