დავით ზალკალიანი - საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის პრევენციული ნაბიჯები გადადგა
დავით ზალკალიანი - საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის პრევენციული ნაბიჯები გადადგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პრევენციული ნაბიჯები გადადგა.

„ამის საუკეთესო მაგალითია, რომ ეპიდაფეთქების საწყის ეტაპზე, მაშინ, როდესაც ეს პრობლემა არ იყო გავრცელებული მთელ მსოფლიოში, გამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან, კერძოდ – იტალიიდან და ჩინეთიდან.

მსოფლიოში დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, ვგეგმავდით სატრანზიტო მარშრუტებსაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ. გამგზავრების ჰაბებში ჩაგვყავდა და ასევე უზრუნველვყოფდით სახმელეთო მონაკვეთზე გადაადგილების შესაბამის დერეფნებსა და ტრანსპორტირებას“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ამასთან, დიპლომატიური წარმომადგენლები მოქალაქეებს ეხმარებოდნენ ე.წ. ალტერნატიული მარშრუტების მოძიებაში, რომლებიც სხვა ავიაკომპანიების მიერ სრულდება.

„შედეგად, ერთი მაგალითია მინსკი-ერევნის ტრანზიტული მარშრუტი და ამ ტრანზიტული მარშრუტით ისარგებლა საქართველოს 2113-მა მოქალაქემ, მაშინ, როდესაც ჩვენ აგრეთვე ვზრუნავდით სხვა მიმართულებებზე. ასევე გამოყენებული იყო სხვა ავიაკომპანიები, მაგალითად „ლოტი“, და მათი დახმარებითაც, ასევე ავიაკომპანია „აირზენასთან“ ერთად ვარშავიდან გამოვიყვანეთ ჩვენი 600-მდე მოქალაქე. ამ პროცესში ძალიან დიდია ბელარუსისა და სომხეთის რესპუბლიკებში ჩვენი საელჩოს დამსახურება და ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების როლი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.