დავით ზალკალიანი - საქართველო გამოწვევებს მომავალშიც გაუძლებს, ეს არჩევანია, რომელიც ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას აძლევს ბიძგს, იმუშაოს შემდგომი განვითარებისთვის
დავით ზალკალიანი - საქართველო გამოწვევებს მომავალშიც გაუძლებს, ეს არჩევანია, რომელიც ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას აძლევს ბიძგს, იმუშაოს შემდგომი განვითარებისთვის

დროა, ახალი იდეები წარმოვაჩინოთ და შემდგომ ცვლილებებს მივცეთ ბიძგი, ახალი დინამიზმი შევქმნათ და გავაგრძელოთ წინ გზა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გავიარეთ მრავალი სირთულე, გამოწვევა, გარე სამხედრო მოქმედებები, ასევე ქვეყნის ოკუპაცია. საქართველო ამ გამოწვევებს მომავალშიც გაუძლებს. აღნიშნული არჩევანია, რომელიც ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას აძლევს ბიძგს, იმუშაოს შემდგომი განვითარების, ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. 2009 წელს ჩვენ მოწმეები ვიყავით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების, აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეალიზაციის, წინ ხედვის ინიციატივის, რომელმაც შეაერთა ევროკავშირი და ექვსი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა საერთო დღის წესრიგში პოლიტიკური ასოცირებითა და ეკონომიკური ინტეგრაციით. პოლიტიკამ შექმნა ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს ტრანსფორმაციას აძლევდა სულისკვეთებას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორებიდან“ თითოეულმა საკუთარი გზით მიიღო სარგებელი პარტნიორობიდან.

„ეს გახლავთ სწორედ ის, რაც ამ პარტნიორობას უნიკალურს ხდის. შესაძლებლობების მიმართულებები ქვეყნებისთვის, განსხვავებული ამბიციებისა და ინტერესებისთვის. 10 წლის წინ ჩვენ წამოვიწყეთ პარტნიორობა კონკრეტული ხედვით და დღეს უნდა შევაფასოთ, თუ რას მიაღწია აღნიშნულმა პარტნიორობამ. ჩვენ უნდა მივმართოთ წარუმატებლობებს, ასევე ხარვეზებსა და გამოწვევებს და დავსახოთ წინ სვლის რუკა, დაფუძნებული პრინციპების დიფერენციაციასა და ინკლუზიაზე. ძვირფასო მეგობრებო, დროა, ახალი იდეები წარმოვაჩინოთ და შემდგომ ცვლილებებს მივცეთ ბიძგი, ახალი დინამიზმი შევქმნათ და გავაგრძელოთ წინ გზა. მინდა, მივესალმო ევროკავშირის ინიციატივას, რათა დაიწყოს ყოვლისმომცველი გააზრების პროცესი პარტნიორობის ამოცანებზე 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის. ეს გახლავთ ის, რასაც ჩვენ ველოდებოდით. მინდა, მოგიწოდოთ თქვენ, რომ იყოთ გაბედულები საკუთარი იდეების გამოთქმაში, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უფრო ძლიერი გახდეს და როგორ უნდა აისახოს საჭიროებები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბათუმში კონფერენცია იმართება იმ დროს, როდესაც საკმაოდ სერიოზული განხილვა მიმდინარეობს ევროპის მომავალზე. მისივე თქმით, აღნიშნული განხილვა ასევე დაკავშირებულია აღმოსავლეთ პარტნიორების მომავლის საკითხთან და ამ მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორები უფრო ფართე დებატებში იქნებიან ჩართულნი.

„როგორც მოგახსენეთ, დღის წესრიგი გახლავთ საკმაოდ ყოვლისმომცველი და ყველა საკითხს ეხება, რომელიც ევროპულ პარტნიორობას მოიცავს. არ მინდა, დრო დაგაკარგვინოთ, გისურვებთ ნაყოფიერ დღეს და ასევე იმედი მაქვს, რომ გამონახავთ დროს, რათა დაათვალიეროთ ბათუმი და ისიამოვნოთ საქართველოს საზაფხულო კურორტით, რომელიც ევროპის ახალი ტურისტული ადგილმდებარეობის გამარჯვებულია და ჩვენი შავი ზღვის საგანძურია“, – დასძინა დავით ზალკალიანმა.