დავით ზალკალიანი - საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მას სამი სამუშაო სესია მიეძღვნა
დავით ზალკალიანი - საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მას სამი სამუშაო სესია მიეძღვნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სესიაზე მრავალმხრივ წარმოადგინა საქართველო და მონაწილეებს მიაწოდა სრული სურათი, როგორც ქვეყნის მიღწევების, ისე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი შეეხო ყველა ძირითად საკითხს, აქცენტები გააკეთა როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთის აგრესიაზე, ისე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.

„პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე და ხელშესახებ შედეგებზე, რაც საქართველოს გააჩნია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისაუბრა ასევე ეკონომიკურ განზომილებაზე, მათ შორის საქართველოს როლზე არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნას აძლევს საშუალებას, მიუხედავად რთული გარემოსი, დააფიქსიროს ეკონომიკური ზრდა.

აქცენტი ასევე გაკეთდა ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესზე, იმაზე, რომ საქართველო არის წინ წასული ინტეგრაციული ნაბიჯებით ყველა სხვა ასპირანტ ქვეყანასთან შედარებით და ამას სჭირდება ადეკვატური ნაბიჯები ნატო-ს მხრიდან“,-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, ყველა ძირითად პანელზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოხსენიებულია, არა მხოლოდ მისდამი მიძღვნილ დისკუსიებზე, არამედ ბევრი ლიდერის და ექსპერტის მხრიდან კონფერენციის ფარგლებში.

„მიუხედავად უმწვავესი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა საქართველო მუდმივად დგას დღის წესრიგში. მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს  დაეთმო სამი დამოუკიდებელი ღონისძიება, მათ შორის ორი პარალელური სესია, რომლიდანაც ერთი საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული. ხოლო მეორეზე, რომელიც თავად კონფერენციის  და გერმანიის ატლანტიკური საბჭოს მიერ გაკეთდა, საქართველო მიწვეული იყო მთავარ მომხსენებლად. საქართველოს ასევე  დაეთმო ერთ-ერთი მთავარი სესია, რომელიც მიეძღვნა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთლიანობაში საქართველოს მონაწილეობა მიუნხენის კონფერეციაში იყო წარმატებული“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.