დავით ზალკალიანი - საქართველო დღეს შეფასებულია, როგორც მოწინავე, დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი
დავით ზალკალიანი - საქართველო დღეს შეფასებულია, როგორც მოწინავე, დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი

ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული პროგრესი, იმავდროულად არის ჩვენი წარმატებული საქმიანობის მთავარი ინდიკატორიც. საქართველო დღეს ევროკავშირის მხრიდან შეფასებულია, როგორც მოწინავე, დემოკრატიულ განვითარებაზე ორინეტირებული, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული ინტეგრაციის საგზაო რუკის უმთავრესი მიზანია, ქვეყანა ფიზიკურად მოამზადოს გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის.

მინისტრის განცხადებით, ამ კუთხით აღსანიშნავია ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბურობით, მონაწილეთა მაღალი დონითა და საქართველოს მიმართ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებებით.

„შემუშავდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის ანგარიში; საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა 4 საფინანსო შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 177 მილიონამდე ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს”,- აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, საქართველო განაგრძობდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას, ასევე, საქართველო აგრძელებდა დოკუმენტით „2020 წლისთვის 20 შედეგი“ გათვალისწინებული ქმედებების გატარებას.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ინოვაციურ ინიციატივას თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის სახით.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ  საქართველო ასევე აქტიურად  ჩართულია ევროკომისიის მიერ წამოწყებულ საკონსულტაციო პროცესში, რომლის მიზანია პარტნიორობის ახალი სტრატეგიული ხედვისა და 2020 წლის შემდგომი მიზნების განსაზღვრა.

საკუთარ გამოსვლაში, ზალკალიანმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობაზე, უსაფრთხოების, თავდაცვის სფეროში და სექტორული ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე,  ყურადღება გამახვილდა 2018 წლის 21 ნოემბერს ქ. ბრიუსელში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით, უმაღლესი დონის პირველი შეხვედრაზე, რომელიც, როგორც აღინიშნა,  უპრეცედენტო, მხოლოდ საქართველოსთვის შექმნილი ფორმატია.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ძალისხმევა იქნება მიმართული ევროკავშირის აქტიურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნებისა და უფრო მეტად წარმოჩენისკენ.

მინისტრის თქმით, დაწყებულია მუშაობა 2020 წლის მაისში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რომელსაც ხორვატია უმასპინძლებს.