დავით ზალკალიანი - კოალიციის წევრებისთვის ჩვენ ვასრულებთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას და წარმოვადგენთ ერთგვარ რეგიონულ ჰაბს ​ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების და პერსონალის გამოსაყვანად
დავით ზალკალიანი - კოალიციის წევრებისთვის ჩვენ ვასრულებთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას და წარმოვადგენთ ერთგვარ რეგიონულ ჰაბს ​ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების და პერსონალის გამოსაყვანად

საქართველო არის გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის უაღრესად აქტიური წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. სწორედ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე იყო ჩემს გამოსვლაში საუბარი და ასევე იმაზე, რა შეგვიძლია მომავალში გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომში, კონფერენციაზე სიტყით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს როლი ანტიტერორისტულ კოალიციასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ ბრძოლაში და მომავალშიც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს პარტნიორებთან. ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა შეიტანეს ავღანეთში ანტიტერორისტულ კოალიციაში და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. მართლაც ძალიან დიდია ჩვენი როლი და ყველა ერთხმად აღნიშნავს ამას. ასევე სიმბოლურია, რომ დღეს ბოლო ქართული დანაყოფი დატოვებს ავღანეთს. ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ, მომავალშიც ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საერთო გამოწვევასთან ბრძოლაში“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ამჟამადაც არის ქვეყანა, რომლის სატრანზიტო შესაძლებლობას და პოტენციალს ავღანეთიდან მისიის დასრულების შემდეგ კოალიციის სხვადასხვა შეიარაღებული ძალები იყენებენ.

„ჩვენ ვართ, ფაქტობრივად, რეგიონული ჰაბი მათთვის და ესეც ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილია ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. ვფიქრობ, დღევანდელი მინისტერიალი იყო ძალიან სასარგებლო, ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა, რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი ხაზს უსვამს იმ ძალიან დიდ, მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა და მომავალშიც შეასრულებს ამ პროცესში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, რომში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საწინააღმდეგო გლობალური კოალიციის მინისტერიალი მიმდინარეობს, რომლის პლენარული სხდომა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მარიომ და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გახსნეს. მათი მოხსენებების შემდეგ, სხდომა დაიხურა და მეორე სესიაზე მინისტერიალის მონაწილეებმა უკვე დელეგაციების ხელმძღვანელთა ხელმძღვანელების გამოსვლები მოისმინეს.

მომხსენებელთა შორის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. საქართველოს გარდა, დახურულ სხდომაზე სიტყვით წარდგნენ ერაყი, იორდანია, ლიბანი, კატარი, ბელგია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, პორტუგალია და დიდი ბრიტანეთი.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.