დავით ზალკალიანი - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართულია მავთულხლართები, როგორც ახალი ტიპის ბერლინის კედელი, მოსახლეობას ყოველდღიურად იტაცებენ, არის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები
დავით ზალკალიანი - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართულია მავთულხლართები, როგორც ახალი ტიპის ბერლინის კედელი, მოსახლეობას ყოველდღიურად იტაცებენ, არის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები

ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემი ქვეყანა საომარ მდგოამრეობაშია. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართულია მავთულხლართები, როგორც ახალი ტიპის ბერლინის კედელი, ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად იტაცებენ, ასევე არის წამებისა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.

„თუ შევხედავთ რუკას, შავი ზღვის რეგიონი გარშემორტყმულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძალიან შემაშფოთებელ სურათს ქმნის მუდმივი სამხედრო წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანექსირებულ ყირიმში, აღმოსავლეთ უკრიანასა და მოლდოვის ნესტრის რეგიონში. ეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტები შევსებულია ინტენსიური ჰიბრიდული ომით, რომელსაც მიზანში ჰყავს ამოღებული საქართველო და მთლიანად დასავლეთი. ნათელია, რომ მოსკოვს გააჩნია ცალსახა ინტერესი, ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთან მოუგვარებელი კონფლიქტებით საშიში სტატუს-კვო შეინარჩუნოს.

პოზიცია, რომ შეიარაღებული დაპირისპირების არარსებობა საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ავტომატურად უდრის მშვიდობას, ეს ძალიან შორს არის სიმართლისგან. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემი ქვეყანა საომარ მდგოამრეობაშია. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართულია მავთულხლართები, როგორც ახალი ტიპის ბერლინის კედელი, ადგილობრივ მოსახლოებას ყოველდღიურად იტაცებენ, ასევე არის წამებისა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები, რომ არ ვისუბროთ იმაზე, რომ რუსეთის აგრძელებს ევროკავშირის მედიაციით დადებული ხელშეკრულების დარღვევას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებზე საქართველოს პასუხია  შეუქცევადი მოძრაობა მშვიდობის, დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ევორპული ოჯახის წევრობისკენ.

„მე ვამაყობ იმით, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ჩემი ქვეყანა გახდა წარმატების ისტორია ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

დღევანდელი კონფერენცია ეხმაურება იმ მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოს აქვს 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ. ეს მთლიან ევროატლანტიკურ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მშვიდობისა და უსაფრთხოების ცვლილების კუთხით. დღეს აღვნიშნავთ 12 წელს 2008 წლის ომიდან, რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაში შეჭრიდან. ეს იყო ძალისხმევა, ძალით მომხდარიყო საზღვრების გადასინჯვა ევროპაში. ამ აგრესიამ სერიოზული ცვლილება მოახდინა რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ეს რუსეთის პასუხი საქართველოს მისწრაფებაზე, გამხდარიყო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი; ეს იყო მოსკოვის ნათელი განაცხადი, შეენარჩუნებინა საკუთარი გავლენა რეგიონში“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პოზიციის, როგორც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორის, მნიშვნელობას.

„ბოლოს, მე მინდა ხაზი გავუსვა კონსოლიდირებული საერთაშორისო პოზიციის მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს როგორც შემაკავებელ ფაქტორს რუსეთისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი ლიდერობა და გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა შევეწინააღმდეგოთ უკანონო ოკუპაციას შავი ზღვის რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ევროკავშირი და ნატო სტრატეგიულ ხედვას შექმნიდნენ, რომელიც მოახდენდა ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე გაფართოებული სამშვიდობო პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრას“, – განაცხადა ზალკალიანმა.