დავით ზალკალიანი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა
დავით ზალკალიანი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  ბრიუსელში სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისარი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში საქართველოსთან თანამშრომლობას და უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვან როლს მაღალ შეფასებას აძლევს.

„ევროკომისარმა ასევე დადებითი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც ქართულ მხარესთან კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი. შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, ამ სფეროში საქართველოსთან აქტიურად ითანამშრომლოს“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის სურვილი, ევროკავშირთან სექტორული მიმართულებით თანამშრომლობა გააღრმავოს და განავითაროს.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს და ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო მეტად მიახლოების მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მინისტრმა ამ კუთხით ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის გეგმას ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის თაობაზე. ევროკომისრის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული დღის წესრიგის და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნის მხარდაჭერა. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ამ გზაზე გაწეული ძალისხმევა და გატარებული რეფორმები.

ამასთან, მხარეები მიესალმნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ურყეობის დადასტურებას.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრის ევროკომისართან შეხვედრის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.