დავით ზალკალიანი - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
დავით ზალკალიანი - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

მისი თქმით, „ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე გადადგა“.

მინისტრის განცხადებით, „პარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიცაა“.

ზალკალიანი მადლობას უხდის ფასილიტატორ ელჩებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგის წარმატებული დასასრული სწორედ ელჩების აქტიური ჩართულობის დამსახურებაა.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.