დავით ზალკალიანი - საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ჩვენი დემოკრატიული სიმწიფისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი
დავით ზალკალიანი - საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ჩვენი დემოკრატიული სიმწიფისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი

საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ჩვენი დემოკრატიული სიმწიფისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და სერიოზული გზავნილი, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ქმედებით დაადასტურა, რომ მივდივართ 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ფასილიტატორი ელჩების ქმედებები 8 მარტის შეთანხმების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის იყო გაწეული.

„ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, ფასილიტატორმა ელჩებმა გაწიეს, რომლებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, გაწიეს იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმართულიყო და მისულიყო თავის ლოგიკურ დასასრულამდე.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას და ვფიქრობ, რომ ოპოზიციამაც უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა. ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია მათი პასუხისმგებლობაც არის. ამიტომ, მათი გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ არის თანმიმდევრული. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ ყველა იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც იქნა მიღწეული ფასილიტატორებთან ერთად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, პარლამენტში „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან იყო გაცხადებული, რომ გუნდი სრულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„იქნება მაქსიმალური მობილიზაცია. პარლამენტში არიან ასევე ოპოზიციური ფლანგის დეპუტატები, რომლებმაც გამოთქვეს მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ ხმები იქნება მობილიზებული. ოპონენტების მხრიდან საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციასთან, რომელსაც ისინი იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოწოდება არის ძალიან მკაფიო, ვის მიმართ არის ეს მოწოდება, ესეც ძალიან მკაფიოა, რადგან იქ პირდაპირ საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საკონსტიტუციო კენჭისყრაში მონაწილეობაზე, პირდაპირი მიმიშნებაა. ამიტომ, აქ ისევ და ისევ ჩვენი ოპონენტები მიმართავენ ამ პოლიტიკურ მანიპულაციებს. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო და ნათელია – „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ დეკლარაციულად, არამედ პარტნიორებთან ურთიერთობებშიც და ყველგან, საჯაროდ აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს და მიიღებს მთელი გუნდით მონაწილეობას, ხოლო ოპონენტები ამას იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და საზოგადოება აშკარად ხედავს, რა სცენარი ვითარდება მათ თვალწინ“, – განაცხადა ზალკალიანმა.