სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ველესის დეკლარაციაზე გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობაზეც არის საუბარი
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ველესის დეკლარაციაზე გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობაზეც არის საუბარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ველესის დეკლარაციის 80 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაციაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობაზეც არის საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულება აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. დავით ზალკალიანი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის აშშ-ის მადლობას უხდის.

„დღეს გახლავთ ველესის დეკლარაციის 80 წლისთავი, ამ დეკლარაციის მიღებით 1940 წელს საფუძველი ჩაეყარა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბალტიის სამი სახელმწიფოს საბჭოთა ოკუპაციის არაღიარების პოლიტიკას.

ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა განცხადება ველესის დეკლარაციაზე, რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობაზეც არის საუბარი. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულება აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც გამყარებულია ამერიკის ხელისუფლების კონკრეტული ქმედებებით და საკანონმდებლო აქტებით.

მსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დემონსტრირებისთვის“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

დატოვე კომენტარი