დავით ზალკალიანი - საგარეო უწყებამ შეიმუშავა დოკუმენტის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გასაკეთებლად მოსამზადებელი ნაბიჯები
დავით ზალკალიანი - საგარეო უწყებამ შეიმუშავა დოკუმენტის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გასაკეთებლად მოსამზადებელი ნაბიჯები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე  შეიმუშავა დოკუმენტის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის მოსამზადებლად გასავლელი პროცესი, ნაბიჯები, და ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელმაც აღებული ვალდებულებების დროული შესრულება უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საკომიტეტო მოსმენაზე დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან ერთად მუშავდება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც გაწერილი იქნება მომავალი შვიდი წლისგანმავლობაში საქართველოს მიერგანსახორციელებელი რეფორმები და ისვალდებულებები, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის აღებული. მისი თქმით,აღნიშნულ დოკუმენტს და მის შემდგომ შესრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასებისას. ამიტომ, სასურველია, რომ დღის წესრიგში მაქსიმალურად აისახოს ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებასაც საქართველო გეგმავს 2021-2024 წლებში.

ხაზი გაესვა 14 იანვარს გამართულ ევროკავშირთან ასოცირებული სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის – საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო კონფერენცია, რომლის დროსაც მხარეებმა შეაჯამეს სამი ქვეყნის პოზიციები 2021 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და პარტნიორობის მომავალი პრიორიტეტების შესახებ.

„ტრიოს თანამშრომლობას ევროინტეგრაციის საკითხებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სამივე ქვეყანამ უფრო უკეთ შეძლოს საერთო პოზიციების მიტანა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებამდე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, პირველ თებერვალს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში დაიგზავნა ასოცირებული ტრიოს ერთობლივი წერილი, რომლითაც სამმა ქვეყანამ გამოხატა საკუთარი პრიორიტეტები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

„წერილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის წინ, რომელმაც აღმოსავლეთპარტნიორობის მომავალი უნდა განსაზღვროს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ერთობლივი პოზიციით ასოცირებულმა სამ ქვეყანამ უკვე რამდენჯერმე მიმართა ევროკავშირს, რითაც სამი ქვეყანა თავს იმკვიდრებს როგორც ევროკავშირის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის მქონე ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგანან“, -აღნიშნა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა პარლამენტს დეტალურად გააცნო ის პრიორიტეტები და იმ საკითხების ნუსხა, რომლებიც, ტრიოს მოსაზრებით, აუცილებლად უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი საქმიანობის საფუძველი.

მინისტრობის კანდიდატის მოსაზრებით, სამიტმა აღმოსავლეთ პარტნიორობას უნდა შესძინოს სტრატეგიული მიმართულება და შექმნას ნიადაგი პოლიტიკის შემდგომი განვითარებისთვის. სამიტმა უნდა გახსნას ასოცირებული პარტნიორებისთვის ევროკავშირის ბაზარზე – ევროკავშირის ოთხ თავისუფლებაზე თანდათანობითი წვდომის შესაძლებლობა, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კიდევ ერთი საფეხური უნდა გახდეს.

ტრიოს გეგმის თანახმად, პარტნიორობის პოლიტიკამ კიდევ უფრო მეტი დატვირთვა უნდა მისცეს მის ფუძემდებლურ პრინციპს – დიფერენცირების პრინციპს, რომელიც გულისხმობს, რომ პარტნიორობის მონაწილე თითოეულ ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს, საკუთარი მისწრაფებების, მიზნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად განავითაროს ურთიერთობები ევროკავშირთან.

ამასთანავე, მხარეების პოზიციით, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებები და ხაზი გაუსვას, რომ ამ ქვეყნებს უფლება აქვთ, მესამე ქვეყნების მხრიდან ჩარევის გარეშე, განახორციელონ საკუთარი ევროპული არჩევანი.

ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა დაადასტუროს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება.

„ჩვენ ასევე ველით სამიტისგან, რომ გაღრმავდება და უფრო და უფრო მეტ სექტორს მოიცავს თანამშრომლობა ევროკავშირსა და სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის ისე, როგორც დღეს ეს უკვე ხდება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის საკითხებზე. ჩვენ იმედი გვაქვს,რომ ევროკავშირი დროულად მიაწვდის პარტნიორებს მომავალი სამიტის დეკლარაციის პროექტს, რომელშიც ასახული იქნება პარტნიორობის ყველაზე აქტიური მონაწილეების მისწრაფებები და მიზნები“, – განაცხადა მან.

ზალკანიანმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ საქართველოზე საუბარი შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის 6-7 თებერვალს მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ზალკალიანმა გამოყო პირველ მარტს დაგეგმილი ევროპული საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის ვიზიტი თბილისში. მისი თქმით, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც რეგიონში შექმნილი რთული ვითარების, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შედეგების ფონზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე ხაზი გაესვა 16 მარტს დაგეგმილ  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსთვის მზადებას, რომელიც არის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველაზე მაღალი დონის ფორმატი,  რომელშიც ქართული მხრიდან საქართველოს დელეგაციას პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს. შეხვედრა, რომელშიც ევროპული მხრიდან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი, ევროკომიისა და საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები და ევროკავშირში აკრედიტებული ელჩები ან საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობენ, განიხილავს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. ასოცირების საბჭოს ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ მინისტრის შეხვედრები ევროკავშირის სხვა ხელმძღვანელ პირებთანაც.