დავით ზალკალიანი - საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში არ არის საუბარი გიგი უგულავას საკითხზე
დავით ზალკალიანი - საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში არ არის საუბარი გიგი უგულავას საკითხზე

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

მინისტრის თქმით, წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში არ არის საუბარი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საკითხზე.

„ძალიან ვაფასებ ორივე მინისტრთან ჩვენს ძალიან კარგ, მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს. ამის დასტურია ჩემი ბოლო შეხვედრები მათთან. ჩვენ სწორედ მათი იმედი გვაქვს იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩემს შეხვედრებზე სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი და მათი მხრიდან მაქვს პოზიტიური გამოხმაურება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოგზავნილ ერთობლივ წერილზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის მხარდამჭერი წერილი, რომელშიც დადასტურებულია „საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, რა პროცესებიც ქვეყანაში მიმდინარეობს“.

რაც შეეხება წერილის გასაჯაროებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ფრანგული და გერმანული მხარის პრეროგატივა და წერილი უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.