დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობის უაღრესად მხარდამჭერი შეფასებები მიანიშნებს, რომ საქართველო როგორც არასდროს, ისეთ მაღალ დონეზეა მათი პოლიტიკის დღის წესრიგში
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობის უაღრესად მხარდამჭერი შეფასებები მიანიშნებს, რომ საქართველო როგორც არასდროს, ისეთ მაღალ დონეზეა მათი პოლიტიკის დღის წესრიგში

მინდა, სამძიმარი გამოვხატო ოჯახების მიმართ, რომელთა შვილები, ძმები, მამები ამ ტრაგიკულ ომში გმირულად დაეცნენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

მისი თქმით, 11 წლის შემდეგ ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

„11 წელი გავიდა მას შემდეგ, სამწუხაროდ, ოკუპაცია კვლავ გრძელდება უფრო მეტიც, ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს. ამ ფონზე, ჩვენ ისე ერთიანი ვართ, როგორც არასდროს. მხედველობაში მაქვს ერთიანი კონსოლიდირებული საერთაშორისო თანამეგობრობა და ამაზე მეტყველებს ის, რომ თუნდაც დღეს ჩვენთან ერთად არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უაღრესად მხარდამჭერი შეფასებები გაკეთდა.

„შეფასებები, რომელიც ჩვენ დღეს და გუშინ მოვისმინეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უაღრესად მხარდამჭერი შეფასებები, მიანიშნებს, რომ საქართველო როგორც არასდროს, ისე არის საკმაოდ მაღლა საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკის დღის წესრიგში. თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით, ახალი ფორმატები შეგვექმნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მივიღეთ ახალი რეზოლუციები, მხარდამჭერი განცხადებები, როგორც პარტნიორი ქვეყნებისგან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ეუთო, ევროკავშირი, გაერო ერთიანია ჩვენს მხარდაჭერაში. ვიყენებთ ახალ ფორმატებს მათ შორის, როგორიც არის უშიშროების ფორმატი, რომელიც მანამდე არასდროს ყოფილა გამოყენებული. თუნდაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამჯერ იყო საქართველო უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილული, ისე, როგორც ეუთო-ს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების განცხადება მინისტერიალის ფარგლებში, ევროპის საბჭოს განცხადებები – რუსეთი პირდაპირ გამოცხადებული არის როგორც მხარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გამოხატული, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანია, რომ უპრეცენდენტო საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო, მხედველობაში მაქვს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ძალიან მკაფიო შეფასებებს აძლევს იქ განხორციელებულ ბრუტალურ მკვლელობებს ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მიმართ და კვარაცხელიას მიმართ განხორციელებულ მკვლელობებს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ტერმინი ოკუპაცია, რომელიც უკვე დაფიქსირებულია აქტში და გარკვეულწილად მიბმულია სანქციები, ქვეყნებზე, რომელიც ფორმალურად თუ არაფორმალურად ეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის დამყარებას.

ჩვენ ხელისუფლება, დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს ვაკეთებთ და ეს შედეგი სახეზეა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველო არის საკმაოდ მაღალ დონეზე“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებულ კითხვას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს იყო ინტერვენცია, რომელიც რუსეთმა განახორციელა.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ეს არის დაფიქსირებული ჩვენს შიდა განცხადებაში, რომ ეს იყო ინტერვენცია, რომელიც განახორციელა რუსეთმა. ოკუპაცია არ დაწყებულა 2008 წელს, ეს უფრო ადრე დაიწყო და მაშინ უნდა ვყოფილიყავით უფრო მკაცრი შეფასებებში რუსეთის ფედერაციის მიმართ. ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში და ეს საბოლოოდ გაფორმდა 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ. ეს არის უაღრესად მგრძნობიარე საკითხი, მიუღებელია პოლიტიკური ქულების, თუ პოლიტიკური ინსინუაციებისა და მანიპულაციებისთვის ამ საკითხის გამოყენება, რადგანაც ჩვენ საერთაშორისო სამართლით უნდა ვიყოთ გამაგრებული ჩვენს პოზიციებში, ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძალიან გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია ამ საკითხში და ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს, ამაზე მიანიშნებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.