დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობას ვთხოვთ, გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ძალებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებენ
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობას ვთხოვთ, გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ძალებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით  ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ძალებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებენ.

შესაბამისი განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ქვეყანაში გრძელდება მცოცავ ოკუპაცია და ანექსია, ამიტომ ვითარება უფრო მკაფიოდ უნდა შეფასდეს.

„როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საქართველოში მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს და დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი, უბრალო მიზეზის გამო – იგი წავიდა თავისი პაციენტის სამკურნალოდ ოკუპირებულ რეგიონში. ახლა ის იმყოფება პატიმრობაში და ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციის ძალებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოქმედებენ.

სამწუხაროდ განსაცდელში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებიც დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს, გაყოფილია ოჯახები, მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ სოფლის მეურნეობაზე და ვერ ამუშავებენ საკუთარ მიწას, მათ უარს ეუბნებიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ უკანონო საქმიანობაზე, რადგან ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნის ქართველ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა თავის სიტყვაში ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.