დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ვალდებულებები
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ვალდებულებები

ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებასთან მიმართებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, თავადაც გადადგას შემხვედრი ნაბიჯი, იკისროს და შეასრულოს ეს ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 26-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლოვდება ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღების 45 წლის იუბილე.

„მისი პრინციპების მიხედვით, ჩვენ უპირობოდ შევთანხმდით, რომ უზრუნველვყოფდით მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამ ორგანიზაციას სწორედ უსაფრთხოების მიმართ ყოვლისმომცველი მიდგომა ანიჭებს უნიკალურ ხასიათს. თუმცა, დღეს რისი მომსწრენიც ვართ, არის უპრეცედენტო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებზე. საქართველო ძალიან აფასებს ეუთო-ს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საპარლამენტო ასამბლეას. მათ საქმიანობას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მონაწილე სახელმწიფოებისათვის დახმარების გაწევაში ამოცანების შესრულებისა და ეუთო-ს მანდატის შესრულების მიმართებით.

სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ლოზუნგი – „ხალხისთვის, დიალოგისთვის, სტაბილურობისთვის“ – წარმოადგენს ჭეშმარიტ შეხსენებას, რომ კვლავ გვჭირდება ჩვენი ხალხის დაცვა და მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენ მივესალმებით მთელი წლის განმავლობაში სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ერთგულ ძალისხმევას ეუთო-ს სამივე განზომილების ფარგლებში და განსაკუთრებულ აქცენტს კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა ყველა საჭიროების მიმართებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩეკს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის თავმჯდომარეობის დასაწყისშივე მიროსლავ ლაიჩეკის მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, სადაც ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ჰქონდა საშუალება, ენახა იმ ხალხის გასაჭირი, რომელიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მინისტერიალების დროს ჩვენ განვიხილავდით ეუთო-ს რეგიონში არსებულ შემაშფოთებელ ვითარებასა და გამოწვევებს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით, მიგვეღო დოკუმენტი მინისტრთა საბჭოში, რომელიც ამ მოვლენებს ასახავდა. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს არსებული კონფლიქტები, რომლებიც უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით, განსაკუთრებით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მიმართებით. უკვე 11 წელია, რაც ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე.

„იმის ნაცვლად, რომ ოკუპანტს გაეყვანა თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად, ის აგრძელებს ინტენსიურ მილიტარიზაციას, რაც კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას ახდენს ვითარების ადგილზე. მეტიც – რუსეთი კიდევ უფრო ღრმად მოიწევს წინ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მიწების მიტაცებისა და საგუშაგოების მშენებლობის გზით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას გაუსვა ხაზი და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტზე ისაუბრა.

„ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს. ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და საკუთარ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან წვდომა არ გააჩნიათ. საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი. საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ბოლო შემთხვევა უკანონო ოკუპაციის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგის კიდევ ერთი დასტურია. ოქტომბერში საოკუპაციო ძალებმა დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის – ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეუიარაღებელი მონიტორები. სამწუხაროა, რომ მისიას ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და თავისი მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია გამოიყენება როგორც საქართველოზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების ბერკეტი. ამ ადამიანებმა ნებისმიერ დროს შეიძლება, საოკუპაციო რეჟიმის სხვა მსხვერპლთა – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას ბედი გაიზიარონ. ჯერ კიდევ არავის უგია პასუხი მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამო და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას ელოდება, ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილ ბევრ ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ანალოგიური გზით გამოძევება ემუქრება.

დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს არასდროს უთქვამს უარი კონფლიქტის მშვიდობიანი წესით გადაწყვეტის პოლიტიკაზე.

„ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საქართველო მთლიანად ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ საკუთარი ერთგულება ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებასთან მიმართებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, თავადაც გადადგას შემხვედრი ნაბიჯი, იკისროს და შეასრულოს ეს ვალდებულება.

საქართველო განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებში კონსტრუქციულ მონაწილეობას, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ძირს უთხრის მოლაპარაკებებს, აფერხებს არსებითი ხასიათის დისკუსიების გამართვას ჟენევის ფორმატში და ბლოკავს შეხვედრებს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.

სუამ-ის სივრცეში კონფლიქტების არსებობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ეს კონფლიქტები უნდა გადაწყდეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული პატივისცემის საფუძველზე.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომლის მიზანია, ძალის გამოყენებით შეცვალოს ევროპაში არსებული საზღვრები, მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დავადასტურო, რომ საქართველო არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის მცდელობას და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ნაწილის დროებით ოკუპაციას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საოკუპაციო ხაზის მიერ შუაზე გახლეჩილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ამის ნათელი დადასტურებაა. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განუხრელად განაგრძოს სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე და კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი დემოკრატია. მზად ვართ, ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესის შედეგები და სიკეთეები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებსაც გავუზიაროთ“, – დასძინა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.