დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს მკაფიო და მიიღოს ზომები, რათა დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს მკაფიო და მიიღოს ზომები, რათა დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია

საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს მკაფიო და მიიღოს ზომები, რათა დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან უკრაინის ვიცე-პრემიერთან  ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, აგვისტოს ომის 10 წლისთავზე რუსული ოკუპაცია საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტა.

„ეს არის არა მარტო სოლიდარობის გამოხატვა, არამედ მათი პოზიციის მკაფიო დაფიქსირება, როდესაც 10 წლის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორები მუდმივად გამოხატავდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.

აქ ჩამოსული დელეგაციები მოგვყავს საოკუპაციო ხაზთან, რათა მათ თვალნათლივ ნახონ, რა შედეგი მოჰყვა ოკუპაციას, როგორ არის საზოგადოება გახლეჩილი ორად, როგორ არ ეძლევათ ადამიანებს წვდომა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავებაზე, ვერ ხერხდება მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, ვერ ხერხდება თავისუფალი გადაადგილება. ეს არის შედეგი იმ მძიმე ოკუპაციისა, რომელიც 10 წლის წინ დადგა.

საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს მკაფიო და მიიღოს ზომები იმისთვის, რომ დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია.

საქართველოს მთავრობამ უნდა გადავდგათ სამშვიდობო ნაბიჯები ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ის სიკეთეები, რომელიც გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, თავისუფალი გადაადგილების კუთხით, იყოს ხელმისაწვდომი ოკუპირებული ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი, პავლო როზენკო საქართველოს გუშინ ესტუმრა. ამასთან, თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩილიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ჩამოვიდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.