დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას

საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. კარგად დავინახეთ, ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც, რომ  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთგული ამ გადაწყვეტილების, რაც გამოიხატა კენჭისყრებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მეგობარმა ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ეს არის, პირველ რიგში, სახელმწიფო მდივანის, პომპეოს განცხადება, ჩემი საპასუხო მადლიერება გამოვხატე კიდეც ჩემს „ტვიტში“. ასევე აშშ-ის ელჩის განცხადება, ჩვენ მოვისმინეთ ასევე სხვადასხვა განცხადება ევროპარლამენტარების მხრიდან, მათ შორის, იმ ევროპარლამენტარების მხრიდანაც, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებაში. ფასილიტატორი ელჩების მიმართ მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. კარგად დავინახეთ ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთგული ამ გადაწყვეტილების, რაც გამოიხატა კენჭისყრებში. თქვენ ასევე იხილეთ ელჩების განცხადება, ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელიც პირდაპირი მინიშნება იყო, მან ხმებიც კი დათვალა, რა მოლოდინი ჰქონდა. ის ადამიანებმა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ამის ვალდებულება ჰქონდათ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.