დავით ზალკალიანი საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები და კავშირში იყვნენ საელჩოსთან
დავით ზალკალიანი საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები და კავშირში იყვნენ საელჩოსთან

მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს საბერძნეთში, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებაშია ნათქვამი.

დავით ზალკალიანი ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შემძრა ინფორმაციამ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში ხანძრის თაობაზე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას. საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და დახმარებას უწევს საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან. თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებ საბერძნეთის მთავრობასა და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საბერძნეთში ტყის ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახი ვერ პოულობდა, გადარჩენილია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაშავებულია. საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.