დავით ზალკალიანი - სააკაშვილის საკითხი სრულიად უმნიშვნელოა, უფრო სერიოზული თემებით ვართ დაკავებული სტრატეგიულ პარტნიორთან
მაღალი თანამდებობის პირების გამოჭერა კორიდორებში, ხელის ჩამორთმევის ფოტოების გადაღება და შემდეგ ამის, როგორც მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრის წარმოჩენა, ჩვენი ხელწერა არ არის და ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორც ხდებოდა მსგავსი ქმედებების მიტანა საზოგადოებამდე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებზე კომენტირებისას განაცხდა.
„ძალიან ღიად ვმუშაობთ და არ გვჭირდება არანირი ფარული შეხვედრები არავისთან. ეს შეხვედრა, რომელიც ბოლო წუთს დაიგეგმა ბრიუსელში, იყო დაგეგმილი ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის, გორდონ სონდლანდის მიერ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში ამერიკის შეერთებულ შტატებს და არის საქართველოს დიდი მეგობარი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე, როგორც ევროკავშირთან და სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებთან უპრეცედენტოა, რისი გამოხატულებაც იყო პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც, მინისტრის თქმით, მან მონაწილეობა მიიღო ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლანდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელზეც მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რუმინეთის ვიცე-პრემიერი და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები.
მინისტრის თქმით, ერთი თვით ადრე მიღების დაგეგმვა მიღებული პრაქტიკაა, ამაოა ოპონენტების მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს გაცილებით მნიშვნელოვანი თემებით არის დაკავებული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია.
„სააკაშვილის თემა არის სრულიად უმნიშვნელო და აბსოლუტურად არ არის საინტერესო. საზოგადოებამ კარგად დაინახა უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებიდან, რომ ეს თემა არც ყოფილა განხილული. ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ. ეს არის სერიოზული თემები ჩვენს სტრატეგიულ დღის წესრიგში და სწორედ ამ თემებს მივუყვებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.