დავით ზალკალიანი - სააკაშვილი ვერ ჩამოვა და ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის, ის არის წარსული, ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიაროთ
დავით ზალკალიანი - სააკაშვილი ვერ ჩამოვა და ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის, ის არის წარსული, ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიაროთ

სააკაშვილი მუდმივად უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას, არა მხოლოდ ამჟამად, როდესაც ის გაქცეულია და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი, არამედ საქართველოს განვითრებას ხელს უშლიდა მაშინაც, როცა იყო ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ მართლმსაჯულების კუთხითაც სააკაშვილის ხელისუფლებისგან უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა და ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის.

„სწორედ მისი პოლიტიკის გამო ვიყავით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენთან დალაპარაკება არავის სურდა. როცა ჩვენ მოვედით ხლეისუფლებაში, მე პირადად, როდესაც ასოცირების მოლაპარაკებები გადმოვიბარე, შეუთანხმებელი იყო ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი, აი, ეს იყო მისი პოლიტიკის შედეგი და სად ვიყავით ჩვენ. როცა იგივე მართლმსაჯულებაზე გვესაუბრებიან, ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც საქართველომ მართლმსაჯულების კუთხით მიიღო, იყო სწორედ მისი ხელისუფლების. ის აფერხებდა მაშინ ხელისუფლებაში ყოფნით და აფერხებს დღესაც ასეთი უმსგავსო განცხადებებითა და ქმედებებით, რომელსაც ყოველდღიურად აწვდის ჩვენს საზოგადოებას. არსადაც არ ჩამოვა, ვერ ჩამოვა და ქვეყანას, ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის. ის არის წარსული, ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიაროთ, მომავლისკენ უნდა ვიცქიროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწვრიანებაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.