დავით ზალკალიანი - რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 000 სამხედრო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 3000 თანამშრომელი ჰყავს დისლოცირებული
რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 000 სამხედრო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 3000 თანამშრომელი ჰყავს დისლოცირებული. ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველო დღეს მტკიცედ ადგას ევროინტეგრაციის გზას – არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი და NATO-ს ასპირანტი სახელმწიფო. თუმცა, ზალკალიანის თქმით, საქართველოს ამ არჩევანისთვის საფასურის გადახდამ მოუწია.
„ევროპის საფასური საქართველოსთვის იყო კონფლიქტი რუსეთთან, რომელმაც თავიდანვე გადაწყვიტა, რომ საქართველო არც თავისუფალი და არც ევროპული არ უნდა იყოს. 10 წლის წინ რუსეთმა გადადგა ნაბიჯი, რომლითაც კანონსა და საერთაშორისო ნორმებს გადააბიჯა. 2008 წელს საქართველოში რუსეთის ქმედებებს მოჰყვა 2014 წელს უკრაინაში გადადგმული ნაბიჯები. დღეს რუსეთი კვლავ არღვევს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ყველაფერთან ერთად. რუსეთს სამხედროების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას ავალდებულებს. ამის ნაცვლად, რუსეთი ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს მიწაზე. დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 000 რუსი სამხედრო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 3000 თანამშრომელი იმყოფება“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებები ყოველდღე ირღვევა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქ მცხოვრები ქართველების დისკრიმინაცია მიმდინარეობს და ადამიანებს ხელოვნური ბარიერები თუ მავთულხლართები ჰყოფს.
ამასთან, როგორც ზალკალიანი აცხადებს, რუსეთი მუდმივად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო პროცესს. ამის მაგალითად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გალისა და ერგნეთის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების ჩაშლა დაასახელა, რომელზეც რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბაშარულის, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეების განხილვა არ ისურვეს.
მიუხედავად ამისა, ზალკალიანის თქმით, საქართველო განაგრძობს მშვიდობიანი გამოსავლის ძიებას, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, რაც რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებასა და დევნილთა სახლებში დაბრუნებას ითვალისწინებს.
„აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის აგრესიის შედეგების აღმოფხვრა ძლიერი საერთაშორისო ძალისხმევის გარეშე ვერ მოხერხდება. პოზიტიური ცვლილებებისკენ ერთადერთი გზაა ევროპისა და საერთაშორისო დღის წესრიგში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობის საკითხი შენარჩუნდეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.