დავით ზალკალიანი - რუსეთის ფინანსური ბერკეტების გამო ევროსაბჭო უმწვავეს კრიზისში იმყოფება, ამიტომ საქართველო ორგანიზაციის ხაზინაში ნებაყოფლობით შენატანს გააკეთებს
დავით ზალკალიანი - რუსეთის ფინანსური ბერკეტების გამო ევროსაბჭო უმწვავეს კრიზისში იმყოფება, ამიტომ საქართველო ორგანიზაციის ხაზინაში ნებაყოფლობით შენატანს გააკეთებს

ევროპის საბჭო დღეს უმწვავეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება, იქედან გამომდინარე, რომ მისი ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაცია იყენებს ფინანსურ ბერკეტებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ევროსაბჭოს ხაზინაში ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიმართ არის გარკვეული შეზღუდვები, მათ ხმის უფლება აქვთ შეჩერებული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ვერ მონაწილეობენ, რის გამოც რუსეთმა ფინანსურ სანქციებს მიმართა.

მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომწირველი იყო, რის შედეგადაც ამ ორგანიზაციას ფინანსური კრიზისი შეექმნა. 

„ისევე, როგორც ყველა წევრი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაც პრიორიტეტია, ეს ორგანიზაცია პრინციპების, ღირებულებების ერთგული დარჩეს. ჩვენი გადაწყვეტილება ამით არის ნაკარნახევი, რომ ჩვენ შევიტანოთ ფინანსური კონტრიბუცია, რათა ამ ორგანიზაციის ფინანსური პრობლემების მოგვარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას და მის ცალკეულ წევრ ქვეყნებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფინანსური ბერკეტები გამოიყენონ ამ ორგანიზაციაში თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში.

„რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა. საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

დატოვე კომენტარი