დავით ზალკალიანი - რუსეთის დუმის ცალკეული დეპუტატების მხრიდან გავრცელებული განცხადება არის ბოდვა და იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით
დავით ზალკალიანი - რუსეთის დუმის ცალკეული დეპუტატების მხრიდან გავრცელებული განცხადება არის ბოდვა და იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით

რუსეთის დუმის ცალკეული დეპუტატების მხრიდან გავრცელებული განცხადება არის ბოდვა და იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

​იური შვიტკინმა აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს.

„მე არ ვიცი, მეტი როგორი რეაგირება გავაკეთოთ, როდესაც საქართველო ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა. წაიკითხეთ ის განცხადება, მისი სიმკვეთრე და სიმძაფრე. ჩვენ ვართ თანხვედრაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და არ გვერიდება მოვლენებზე სახელების დარქმევა. ეს მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება რუსეთის დუმის ცალკეული დეპუტატების მხრიდან გავრცელებულ განცხადებას – არის ბოდვა, მე სხვა სიტყვას ვერც კი მოვძებნი და არის იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო მიუერთდა.

„ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.