დავით ზალკალიანი - რუსეთი მუდმივად იყენებს სხვადასხვა საკითხს, რომ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე გავლენა მოახდინოს
დავით ზალკალიანი - რუსეთი მუდმივად იყენებს სხვადასხვა საკითხს, რომ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე გავლენა მოახდინოს

რუსეთის ფედერაცია მუდმივად იყენებს სხვადასხვა საკითხს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებაზე გავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ადრე ამ მიზნით, გაერო-ს რეზოლუციაზე კეთდებოდა აქცენტი, ახლა კი, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე“ აპელირებენ.

„საუბრები ფორმატების ჩაშლაზე ახალი არ არის. რუსეთის ფედერაცია მუდმივად იყენებს სხვადასხვა საკითხს იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს ფორმატზე და ფორმატის ცვლილებაზე. ადრე საუბრობდნენ რეზოლუციაზე, რომელიც მუდმივად გვაქვს გაერო-ში და ახლა საბაბად „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას“ იყენებენ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ფორმატის გაგრძელებასა და მოცემული ფორმით შენარჩუნებაზე სრული გაგება აქვს.

„ეს სია გამიზნულია, რომ უკანონო ქმედებების პრევენციისთვის, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი მკვლელობის ფაქტების სამომავლო აღკვეთისთვის. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა და აუცილებლად გავაგრძელებთ ჟენევის ფორმატში აქტიურ თანამშრომლობას პარტნიორებთან, რომ ვალდებულებები, რასაც ჟენევის დისკუსიები ეფუძნება, შესრულდეს, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მიერ აღებული ვალდებულება და ამ ვალდებულების იმპლემენტაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირის წარმომადგენელთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან შეხვედრაზე დევნილთა დაბრუნების თემაზე გაერო-ში მიღებული რეზოლუციისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხები დააყენა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინიციატივები სოხუმთან და ცხინვალთან თბილისის ურთიერთობებს ამწვავებს.