დავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავიშოღლუს შეხვდა. მინისტრები მიესალმნენ  რუმინეთ-პოლონეთ-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის მონაწილეობას, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე მსჯლობისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისა და აღნიშნული საკითხების მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნებისთვის.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის იმ მნიშვნელოვან სტრატეგიული ხასიათის ინფრასტრუქტურულ  პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული.

განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას. მხარეები კიდევ ერთხელ მიესალმნენ საქართველოს ინიციატივას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამშვიდობო პლატფორმის  შესახებ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ოფიციალური თბილისის პოზიცია რეგიონული ხასიათის სხვადასხვა ფორმატებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ აუციელებლია მასში მონაწილე ყველა მხარის კონსტრუქციული, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს გლობალური პანდემიის მიუხედავად ქვეყნებს შორის ურთიერთობების და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკა, სხვადასვხა დარგობრივი მიმართულებით განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები და მიღწეული შეთანხმებები.  მხარეებმა გამოთქვეს მზაობა ასევე აქტიურად იმუშაონ საქართველოსა და თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს უახლოეს პერიოდში გამართვის შესაძლებლობაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.