საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ თეოდორ მელეშკანუსთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას რუმინეთში მასპინძლობისთვის, სადაც გაფორმდა დეკლარაცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარშრუტის, კასპიის ზღვა-შავი ზღვის შემდგომ აქტიურ რეალიზაციას.
„მხარეები მიესალმნენ რუმინეთის თავმჯდომარეობას ევროკავშირის საბჭოში. ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი, რომელსაც როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არაერთი ღონისძიება მიეძღვნება. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ფორმატის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღწეული შედეგების შეფასებისა და თანამშრომლობის სამომავლო მიზნების განსაზღვრის აუცილებლობას. რუმინეთის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აღინიშნა, რომ საქართველო გატარებული რეფორმებით და პროგრესით მოწინავეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველო-რუმინეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ხაზი გაუსვეს ამ ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე განვითარებისა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას.
„მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ასევე აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის, განსაკუთებით, ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ, დადებითი შეფასება მიეცა რუმინული ავიაკომპანია „ტარომის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ რეისებს და გამოიხატა დაინტერესება, გაიზარდოს ფრენების სიხშირე. რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა, ეწვიოს საქართველოს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.