დავით ზალკალიანი - რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, არ გვექნებოდა მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი
დავით ზალკალიანი - რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, არ გვექნებოდა მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, არ გვექნებოდა მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ანგელა მერკელს  საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციაზე არ უსაუბრია.

„არ დავეთანხმებოდი კითხვის ფორმულირებას, გერმანია არის ჩვენი ევროატლანტიკური პროცესის სერიოზული მხარდამჭერი. რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, არ გვექნებოდა მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, არ გვექნებოდა ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილება სახელმწიფო მეთაურების დონეზე და ის მართლაც ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც უპრეცედენტოა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინტეგრაციულ პროცესებზე.

საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად. რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, ვერ მივიღებდით იმ დასკვნით დებულებებს, რომელიც გვაქვს ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებებში შავ ზღვაში თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია არის ძალიან სერიოზული მხარდამჭერი საქართველოს ნატო-სთან ყოვლისმომცველი პაკეტის, ასევე საქართველოს თავდაცვისა და ინსტიტუციური განვითარების სკოლის მხარდამჭერი.

„თქვენ იცით, რომ სულ ახლახან დამთავრდა წვრთნები, რომელშიც გერმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე და ეს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში აუცილებლად გაგრძელდება. ვთანხმდებით, რომ მაპ-ი არის მხოლოდ პოლიტიკური ბარიერი და ყველაფერი გაკეთდება, რომ ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და ამის აღიარება, როგორც გერმანელი, ასევე ყველა ნატო-ელი პარტნიორის აღიარება არის და აუცილებლად მოვა ის მომენტი, როდესაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.