დავით ზალკალიანი - როგორც კი პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას, კომისიის განახლებული შემადგენლობით დავით გარეჯის საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ, რაც ორივე მხარის ინტერესია
დავით ზალკალიანი - როგორც კი პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას, კომისიის განახლებული შემადგენლობით დავით გარეჯის საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ, რაც ორივე მხარის ინტერესია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სექტემბერში აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრისას დავით გარეჯის საკითხზე დეტალურად ისაუბრეს. როგორც ზალკალიანი ამბობს, კოლეგას ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით  სრული პაკეტი მიაწოდა.

ზალკალიანის თქმით, როგორც კი პანდემია შესაძლებლობას მისცემთ, კომისიის განახლებული შემადგენლობით დავით გარეჯის საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.

„პირველ რიგში, მქონდა მასთან ამის შესახებ საუბარი როდესაც ის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა, ძალიან გულწრფელი, შინაარსიანი საუბარი, ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ახალ გარემოებებზე და მას მივაწოდე სრული პაკეტი ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან მიმართებაში. ვესაუბრე იმ ახალი დეტალების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს, მივეცი ახალი მასშტაბის რუკები, ასევე საერთაშორისო ექსპერტების დაკსვნები და ის აბსოლუტური გაგებით მოეკიდა ამას. თქვენ იხილეთ მაშინ, როდესაც ზუსტად აქ ორივე ერთად ვიდექით და მან საზოგადოებას აცნობა, რომ მიღებული აქვს და პროცესი გაგრძელდება უკვე კომისიის ფარგლებში. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ და როგორც კი პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას, აბსოლუტურად განახლებული შემადგენლობით ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, რადგან ორივე მხარის ინტეერესებშია. ჩვენ ხომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ჩვენი ინტერესია, ისევე როგორც აზერბაიჯანის, რომ ეს საკითხი შეთანხმდეს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, კითხვაზე:„როგორ შეაფასებდა ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტორს აქვს რაღაც ფარული დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც გთხოვენ“, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ არავითარი ფარული დოკუმენტი არ არსებობს.

„აბსოლუტურად არანაირი ფარული დოკუმენტები არ არის, რაც ადვოკატმა მოგვთხოვა, ჩვენ ყველა დოკუმენტი მას მივაწოდეთ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.