დავით ზალკალიანი - როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი მთავრობა სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს, როდესაც 40 კილომეტრში, აქვე დგანან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ
დავით ზალკალიანი - როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი მთავრობა სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს, როდესაც 40 კილომეტრში, აქვე დგანან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ

მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომელსაც დავიწყებული აქვს, რომ 2014 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, საქართველო შეერთებულია სანქციებს ყირიმთან მიმართებაში და ეს სანქციები ყოველწლიურად გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები არის ის უმწვავესი ზომა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა იყენებს. ამასთან, აღნიშნა, რომ სანქციების მნიშვნელობა და დანიშნულება არის, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. ზალკალიანის თქმით, საქართველო არასდროს იხევს უკან ძალიან მკაფიო მკაცრი ზომებისგან.

„2014 წლის შემდეგ ერთხელაც არ დაგვიხევია უკან, რომ ამ სანქციების გაგრძელებაზე უარი გვეთქვა. მაგრამ როდესაც საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე, ქვეყნის მხრიდან დაწყებულ სანქციებზე პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ და ამ საფრთხეებზე ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ და უკრაინელ კოლეგებს. როგორც გგონიათ ჩვენ ამაზე საუბარი არ გვაქვს? როდესაც ასეთ სიფრთხილეს იჩენს პრემიერ-მინისტრი, ეს მისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობიდან მოდის. იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე აქვს. რა გგონიათ, ჩვენ ნაკლები პატრიოტები ვართ თქვენზე? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობითა და ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც რუსული აგრესია ჰქვია. როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი მთავრობა, ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია. ის მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებაში – თვეობით, ჯარებისა და კონტინგენტის მიყვანა. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ ან როგორ აპირებენ?

ის, რომ გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოდის ბორელი და ამბობს, რომ შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს ხომ ეფუძნება იმ გარკვეულ საფრთხეებს და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ. ეს არის რომ გვალაპარაკებს, პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე. არ მინდა, იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008 წელს იყო. არ მინდა, ვიხილო რუსული ტანკები მომავალი თბილისის მიმართულებით, არ მინდა, ვიხილო დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა, არ მინდა, ვიხილო ის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ქართველებს ბოდიში და სატვირთო თვითმფრინავებით აძევებდნენ რუსეთის ფედერაციიდან, არ მინდა. მე მგონია, არც თქვენ არ გინდათ. ბევრი თქვენგანი შეიძლება, პატარა იყო და არ გახსოვთ ეს, 14 წელი გავიდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება თითოეული მოქალაქის წინაშე პასუხისმგებელია.

„უკრაინაში ომი მიმდინარეობს, უკვე ბომბები იყრება. ეს არის რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშად დარღვევის ბრალი. თქვენ გამორიცხავთ უკრაინაში სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებული სცენარით განვითარების შესაძლებლობას, გამორიცხავთ? გამორიცხული არაფერია. ეს არის, რაც ჩვენ გვაღელვებს. მე პასუხისმგებელი ვარ, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა თითოეული მოქალაქის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, აბსოლუტურად პოლიტიკურად განსხვავებულ პლატფორმებზე ვიდგეთ. ჩემი შვილებისა და ყველა თქვენგანის წინაშე ვარ პასუხისმგებელი. არ მინდა ამის გამეორება. არ მინდა, საქართველომ გადაუხვიოს იმ არჩეული კურსიდან, რა კურსიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ჩვენ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.

გუშინ პრემიერ-მინისტრი როდესაც ოლივერ ვარჰეის ესაუბრა. საუბრის მთავარი საკითხი იყო ევროკავშირში პერსპექტივის თემა. როგორ გგონიათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნაკლები პატრიოტია სხვაზე? 2012 წელს როდესაც მოვედი, მაშინ დამავალეს და ვიყავი ასოცირების შეთანხმების მთავარი მომლაპარაკებელი. პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო და მისი დავალებით, ჩვენ შევძელით და ძალიან სწრაფად დავასრულეთ პროცესი, მაშინ, როდესაც შეთანხმების უდიდესი ნაწილი იყო გაჭედილი. შევძელით და ძალიან სწრაფად დავამთავრეთ, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. შემდგომ უკვე ღარიბაშვილის დროს მოეწერა ხელი. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ლევან მიქელაძესთან ერთად ვიდექი. ადამიანთან, რომელიც საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხისთვის ვიბრძოდით. საქართველოში რუსული ბაზები სამწუხაროდ, იმ ხელისუფლებამ მოატრიალა და დღეს ჩვენ გვაქვს ფაზა, როდესაც საქართველოში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ომი არ ყოფილა. ჩასაფრებულის პოზიციიდან ნუ ველაპარაკებით ერთმანეთს. ძალიან გვტკივა გული, უმძიმესი სიტუაციაა. მინდა, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად გააცნობიეროს უმძიმესი სიტუაცია. მე არავის ვაშინებ, მე გეუბნებით რეალობას. მე რომ რეალობა არ გითხრათ, ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.