დავით ზალკალიანი - როდესაც აშშ-ის მეტ ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მეტ მხარდაჭერას ნატო-ში ინტეგრაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით
დავით ზალკალიანი - როდესაც აშშ-ის მეტ ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მეტ მხარდაჭერას ნატო-ში ინტეგრაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით

როდესაც აშშ-ის მეტ ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ამერიკის მეტ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და  თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკასთან ყველა არსებული მიმართულებით გაგრძელდება თანამშრომლობა.

„როდესაც მეტ ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ამერიკის კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, ამერიკის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. უდავოა და ვსაუბრობ კონკრეტული მაგალითებით, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან მართლაც უპრეცედენტო შედეგები აქვს საქართველოს ამ მიმართულებით. ასევე, ის თანამშრომლობა, რომელიც წინა ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო – თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმი, მისი წარმატებული შესრულება. შემდეგ უკვე 2017 წელს თავდაცვის ახალი პროგრამის განხორციელება. ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო წვრთნები საქართველოში, სადაც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ნატოელებთან ერთად, საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი ჰქონდა ამ წვრთნებში, რამაც გააძლიერა ჩვენი თავსებადობა სტანდარტთან. ასევე, ჩვენი კონტრიბუცია ავღანეთის მისიაში. ამას ჩვენი პარტნიორები ძალიან აფასებენ. იცით, რომ ამ ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა თავდაცვითი შეიარაღების შეძენის თვალსაზრისით. ეს არის ყველა მიმართულება, რომელშიც აუცილებლად გაგრძელდება თანამშრომლობა. ამერიკის წამყვანი როლის გარეშე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება ნატო-ში ინტეგრაციული პროცესების კიდევ უფრო ახალი ტემპით წარმართვა. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ აუცილებელია, დამატებითი იმპულსი მიეცეს ყველა მიმართულებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკასაც შეეხო.

„ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საუბარი იყო ეკონომიკაზე, მის კიდევ უფრო წინ წამოწევაზე. მათ შორის საუბარი იყო თავისუფალ ვაჭრობაზე, ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე, მეტი ამერიკული კომპანიის ხილვაზე საქართველოში. ყველაფერი ეს ერთად აძლიერებს ჩვენს მდგრადობას, შესაძლებლობას, რო გავუმკლავდეთ მართლაც უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც რეგიონშია“, – აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ასევე საუბარი იყო, არის „კოვიდი“ და ის ფასდაუდებელი დახმარება, რომელიც აშშ-მა საქართველოს აღმოუჩინა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე ლუგარის ლაბორატორიის ჩართულობით.

„იცით, რომ ახალ ვაქცინაზე საუბარი, ამერიკული კომპანიები არიან ერთ-ერთი მწარმოებლები. ამიტომ, მომავალშიც ამ მიმართულებით თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ამ ვაქცინას და ეს დაგვეხმარება ამ უსერიოზულესი პრობლემის გამკლავებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საუბარი ოკუპაციის საკითხზეც გაიმართა.

„გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებული სიტუაცია, ამერიკის როლის უფრო მეტად გაზრდა კონფლიქტის მოგვარების პროცესში, ჟენევის მოლაპარაკების პროცესში, სადაც ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს აშშ-ს, მეტი ზემოქმედებით, საქართველოს საკითხების აქტუალიზაციით და მისი დღის წესრიგში წამოწევით. ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ვთანხმდებით და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით წინსვლა გვექნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.