დავით ზალკალიანი - რიგაში დღევანდელი განხილვა მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი იქნება შედეგიანი ღია კარის პოლიტიკის მიმართულებით
დავით ზალკალიანი - რიგაში დღევანდელი განხილვა მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი იქნება შედეგიანი ღია კარის პოლიტიკის მიმართულებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რიგის მინისტერიალში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობა არის კიდევ ერთი დასტური, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას, ასევე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბარს.

„სწორედ ამ კონტექსტში შევეხეთ უაღრესად მნიშვნელოვან თემებს დღევანდელი განხილვის დროს, რომელიც იყო უაღრესად შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული. მინდა, რამდენიმე მომენტი გამოვყო. პირველი, საუბარი იყო შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე და იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს და უკრაინას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იყო საუბრები ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 2022 წელს გაიმართება მადრიდში.

ბუნებრივია, დდევანდელ მინისტერიალზე განვიხილეთ 2030 წლის ის განახლებული სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც დამტკიცებული იქნება მადრიდის სამიტზე. დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია საქართველოს და უკრაინის მიპატიჟება სამიტზე. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ჩართული ვართ ნატო-ს ახალი სტრატეგიის შემუშავებაში, მიანიშნებს, რომ ჩვენი მონაწილეობა უაღრესად აქტუალურია მომავალი წლის მადრიდის სამიტზე, ახალი სტრატეგია იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის განგრძობადობის. ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, დღევანდელი საუბრები იყო ძალიან შედეგიანი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის განმარტებით, ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, მნიშვნელობას.

„პირველად ბოლო  მრავალი წლის განმავლობაში, წარმოდგენილი იყო ნატო-ს შეფასების დოკუმენტი ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც ჩვენ გვაქვს უაღრესად პოზიტიური შეფასებები ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ამ დოკუმენტის მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო სწორ გზაზეა ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს, არის წარმატებით შესრულებული. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ წინადადებებზე, რომლებიც წარვადგინეთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების წინაშე, ჩვენი ხედვები, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენი გადმოსახედიდან ნატო-ში გაწევრიანების უახლოეს სამოქმედო გეგმას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა იყოს გადადგმული როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე იმ შემხვედრ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რა მოლოდინებიც გვაქვს ნატოელი პარტნიორების მხრიდან. იყო უაღრესად პოზიტიური შეფასებები და ბუნებრივია, დღევანდელი განხილვა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატო-ს 2022 წლის მადრიდის სამიტი იქნება შედეგიანი, კერძოდ, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს ქვეყანას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.