დავით ზალკალიანი - რეგიონში ახალი პლატფორმების შემოთავაზება მიდის, რთულად წარმომიდგენია საერთო პლატფორმაში საკითხების განხილვა ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები
დავით ზალკალიანი - რეგიონში ახალი პლატფორმების შემოთავაზება მიდის, რთულად წარმომიდგენია საერთო პლატფორმაში საკითხების განხილვა ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები

რეგიონში ახალი პლატფორმების შემოთავაზება მიდის, მე რთულად წარმომიდგენია საერთო პლატფორმაში საკითხების განხილვა ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ძალიან რთული გარემოა შექმნილი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ფუნქცია არ დაკარგოს.

„რეგიონში ძალიან რთული გარემოა შექმნილი. ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი ახალი პლატფორმების შემოთავაზება მიდის, 3+3, 3+2 და ა.შ. ამაზე, რა თქმა უნდა, საჭიროა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის გადასაწყვეტია ეს. რა თქმა უნდა, დიდი მოთამაშეების ინტერესი დიდია.

მთავარია, რომ ჩვენი როლი, ჩვენი ფუნქცია არ დავკარგოთ აქ და დავინახოთ შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, საერთო პლატფორმებში რაღაც საკითხების განხილვა რთულად წარმომიდგენია, სანამ არ იქნება მათი მხრიდან დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული. ეს ნაბიჯები უნდა იყოს ძალიან საგნობრივი, ძალიან მსუყე, რომელიც მიანიშნებს, რომ მათი მხრიდან არის სერიოზული განზრახვა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები უნდა მივიდნენ გარკვეულ კონსენსუსამდე და დანარჩენ მსოფლიოს დაანახონ, რა დიდი პოტენციალი არსებობს მათ თანამშრომლობაში.

„ჩემს სომეხ კოლეგასთან უკვე მქონდა რაღაც თემების განხილვა, ასევე ვაპირებ აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ამ თემების განხილვას. ჩვენ არ გვაქვს იმის ამბიცია, არც რესურსი, რომ საქართველომ რაღაც გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ მძიმე პრობლემის საბოლოო მოწესრიგების კუთხით, მაგრამ ჩვენ ჩვენი ადგილი უნდა ვიპოვოთ. შეგვიძლია, თბილისი გავხადოთ პლატფორმად ჩვენს ამ ორ მეზობელთან ურთიერთობის კონტექსტში, სადაც შესაძლებელია საუბარი თუნდა ეკონომიკურ პროექტებზე, თუნდაც მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომლობაზე, თუნდაც კულტურული მიმართულებით, ხალხთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებაზე.

ვინ თუ არა ჩვენ, სამხრეთ კავკასიაში მყოფი ქვეყნები უნდა მივიდეთ რაღაც კონსენსუსსა და შეთანხმებაზე და დავანახოთ დანარჩენ მსოფლიოს, რა დიდი პოტენციალი არსებობს თავად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.