დავით ზალკალიანი - რეგიონებში შეხვედრები გაგრძელდება, რათა საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების შესახებ ინფორმირებული იყოს
დავით ზალკალიანი - რეგიონებში შეხვედრები გაგრძელდება, რათა საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების შესახებ ინფორმირებული იყოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსთავის დრამატულ თეატრში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საზოგადოებას აინტერესებს, როგორი იქნება ევროკავშირის მხრიდან რეგიონებისთვის პროგრესული თავსებადობის კუთხით დახმარება.

ამასთან, როგრც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონებში მსგავსი სახის ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება, რათა საზოგადოება უკეთესად იყოს ინფორმირებული ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების შესახებ.

„ახლახანს დავბრუნდით ბრიუსელიდან, სადაც ევროკავშირთან უმაღლესი დონის შეხვედრაზე ვისაუბრეთ სექტორალური კუთხით თანამშრომლობაზე, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ იმ 231 მილიონიანი ფინანსური დახმარებიდან, გახლავთ რეგიონების განვითარება და ბუნებრივია, საზოგადოებას აინტერესებს, თუ რა მიმართულებით იქნებიან რეგიონები ჩართული ამ პროცესში, როგორი იქნება ევროკავშირის მხრიდან რეგიონებისთვის პროგრესული თავსებადობის კუთხით დახმარება, სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ.

გარდა ამისა, ვისაუბრებთ ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის პრიორიტეტებზე, სავიზო ლიბერალიზაციის თემებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ანუ ყველა იმ სიკეთეზე, რა სიკეთეც მოაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს. მსგავსი სახის შეხვედრები ჩვენ ადრეც გვქონდა რეგიონებში, მომავალშიც გვექნება იმისთვის, რომ საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების შესახებ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.