დავით ზალკალიანი - ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველგვარი მანიპულაცია და სპეკულაცია დაუშვებელია 
დავით ზალკალიანი - ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველგვარი მანიპულაცია და სპეკულაცია დაუშვებელია 

24-საათიან რეჟიმში, მუდმივად ვადევნებთ თვალს ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მიმდინარე სიტუაციას და იმ უკანონო ქმედებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს იქ და აქედან გამომდინარე, მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ გამოვლინებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

„გვქონდა პირდაპირი კავშირი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე თანათავმჯდომარეებთან. ევროკავშირის მისია არ ადასტურებს ბორდერიზაციის პროცესს და ამაზე ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია მსგავს სიტუაციაში ყოველგვარი მანიპულაცია, სპეკულაცია, რადგანაც საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ადამიანებთან რომლებიც ცხოვრობენ იქ. ამიტომ ყველა სიტყვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

განსაკუთრებულად მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებენ, რომ არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოგვცეს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.