დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ესაუბრა
დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრატისლავაში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, პოლონელ კოლეგას, იაცეკ ჩაპუტივიჩს შეხვდა.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარეობა, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა და ასევე ურთიერთმხარდაჭერა.

„ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და მადლობა გადაუხადა პოლონეთს, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში, საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე და დაგმეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის და მიზნების რეალიზაციისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.