დავით ზალკალიანი - პირველივე დღიდან საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ქმედებებს მიმართა და გამოიყვანა ჩვენი ყველა მოქალაქე, ვისაც სურვილი ჰქონდა, ვირუსის გავრცელების ზონები დაეტოვებინა
დავით ზალკალიანი - პირველივე დღიდან საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ქმედებებს მიმართა და გამოიყვანა ჩვენი ყველა მოქალაქე, ვისაც სურვილი ჰქონდა, ვირუსის გავრცელების ზონები დაეტოვებინა

პირველივე დღიდან, როდესაც ვირუსი არ იყო გავრცელებული და იყო მხოლოდ ჩინეთის მასშტაბებში, საქართველოს ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო ქმედებებს მიმართა და ჩვენს პარტნიორებთან, ჩინეთთან ერთად, ასევე ფრანგ და თურქ პარტნიორებთან ერთად, გამოვიყვანეთ ყველა ჩვენი მოქალაქე, ვისაც კი ჰქონდა სურვილი, დაეტოვებინა ეს ზონები, მხედველობაში მაქვს ჩინეთი და შემდეგ უკვე ირანი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანიდანაც მოხდა ორგანიზებულად საქართველოს მოქალაქეების საჰაერო ტრანსპორტირება, ასევე სახმელეთო გზით გამოყვანა.

„ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ უზრუნველვყავით იტალიიდან სპეცრეისი და ამ სპეცრეისით იქნა გამოყვანილი ჩვენი მოქალაქეები. უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება პოლონურ ავიაკომპანიასთან და პოლონური ავიაკომპანიის საშუალებით საქართველოს 400-მდე მოქალაქის გამოყვანა მოხდა. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ ბულგარეთში, ბულგარელ და თურქ პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს 90-მდე მოქალაქეს, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, მათი დაუყოვნებლივ გამოყვანა მომხდარიყო ამ ტერიტორიებიდან. მე უშუალოდ ვიყავი ჩართული და ჩემი კოლეგებიც, ჩემს კოლეგებთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, იმისთვის, რომ სწრაფად მოგვეგვარებინა ეს პრობლემა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, უახლოეს დღეებში ამსტერდამიდან ორი და ბერლინიდან ერთი ჩარტერული რეისი განხორციელდება.