დავით ზალკალიანი - პარადოქსულია, ისაუბრო გაყალბებულ არჩევნებზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ვატარებთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 
დავით ზალკალიანი - პარადოქსულია, ისაუბრო გაყალბებულ არჩევნებზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ვატარებთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 

ცოტა პარადოქსულია, ისაუბრო გაყალბებულ არჩევნებზე, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენ ვატარებთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, – განაცხადა დავით ზალკალიანმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარების შეკითხვებზე საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების მეორე ტურს ეხებოდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანის თქმით, მთავრობას აქვს ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სამართლიანი და პოზიტიური შეფასება.

„სადამკვირვებლო ჯგუფების უპრეცედენტო რაოდენობა უწევდა მონიტორინგს ამ არჩევნებს. ჩვენ მოწვევა გავუგზავნეთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა მათგანმა წარმოადგინა ძალზე პოზიტიური შეფასება არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით.

ეს არჩევნები პასუხობდა ყველა დემოკრატიულ სტანდარტს და ჩატარდა გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. და ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლა მეორე ტურს ვატარებთ, მიუთითებს ჩვენი დემოკრატიის სიმწიფეზე. როგორ შეგიძლიათ ისაუბროთ არჩევნების გაყალბების შესახებ, პარადოქსულია ამგვარი დასკვნები“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა და ამ საკითხზე ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. კერძოდ, მან 600 000 მოქალაქისთვის მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ მამუკა ბახტაძის ინიციატივაზე ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსყიდვის ელემენტებს არ შეიცავს და ის საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე ბევრად ადრე იქნა მიღებული, როგორც მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისკენ მიმართული ზომა.

„პირველად ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ამა წლის მაისში, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის რანგში ისაუბრა ამ სერიოზული პრობლემის შესახებ. ამა წლის აგვისტოში, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, მამუკა ბახტაძემ თავის საჯარო გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება ამ პრობლემაზე და მაშინ არ იყო საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე განაცხადა, რომ ის აპირებდა ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას განხილული არჩევნების კონტექსტში. პრემიერ-მინისტრმა ეს პრობლემა ასევე მთავრობის დამტკიცების დროსაც გააჟღერა, კერძოდ, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. ეს იყო ამა წლის ივნისში. მთავრობამ მოახდინა პროცესის ინიცირება და მოსახლეობას აღუთქვა, რომ ეს პრობლემა გადაწყდებოდა შემოდგომაზე. ახლა ნოემბერია, შემოდგომის მიწურული და სწორედ ამიტომ დაემთხვა არჩევნებს ამ გადაწყვეტილების ინიცირება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, დღეს „შავ სიაში“ 600 ათასზე მეტი ადამიანია, რომლებიც მოკლებული არიან საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა კი სწორედ სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოში არსებული ჭარბვალიანობის შესახებ თავიანთ კვლევებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც წერენ.

ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის არსებულ პირდაპირ კავშირზე მიუთითებდა ასევე იუნისეფის კვლევა. სწორედ იმ პერიოდში დააყენა მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ეს საკითხი და განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარდა, საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედის უმძიმესი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ასე რომ, ვფიქრობ, ამ ნაბიჯს არაფერი აქვს საერთო არჩევნების გაყალბებასთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ მოსახლეობის ფინანსური ვალდებულებების განულებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის საბიუჯეტო ფული. ეს არის სახსრები, რომლებსაც გამოყოფს საქველმოქმედო ფონდი.