დავით ზალკალიანი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრთან იუსუფ ბინ ალავი ბინ აბულასთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ომანსა და საქართველოს შორის ვითარდება მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ გაღრმავებას.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყურის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის დინამიურად ვითარდება საქართველოს თანამშრომლობა ყურის ქვეყნების საბჭოსთან და არაბული ქვეყნების ლიგასთან. განსაკუთრებით გამოთქვა დაინტერესება გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა, რასაც ხელს შეუწყობდა ამ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რისი საკმაოდ წარმატებული გამოცდილებაც საქართველოს უკვე გააჩნია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობას, მათ შორის სატრანზიტო და ენერგეტიკული მატარებლების მიმართულებით, ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რაც კარგ საფუძველს ქმნის ომანელ ბიზნესწრეებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.

კმაყოფილებით აღინიშნა ომანის წამყვანი ავიაკომპანიების საქმიანობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.