დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ
დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს პირველივე სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ, გაიტანა საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უწყება ყველა საერთაშორისო ფორმატს მაქსიმალურად იყენებს.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ეუთო-ს სხდომაზე განსახილველად გატანილ საკითხებს შორის იყო ეთნიკური ქართველების გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები, რაშიც საქართველოს პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა იყო გამოხატული.

„მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პანდემიის პირობებში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება არის შეზღუდული. გუშინ პირველად გაიხსნა ასევე ეუთო. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა ჩატარდა და პირველივე სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ, ჩვენმა მისიამ გაიტანა საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარე ბორდერიზაციის, უკანონო მავთულხლართების აღმართვის ფონზე. ასევე, ჩვენი ეთნიკური ქართველების გატაცების და უკანონო დაკავების ფაქტები იყო განხილული და ჩვენ აქაც, ეუთო-ს ფარგლებში, გვქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ეუთოს-ს სხდომაზე რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობს დაბლოკოს საქართველოსთან დაკავშირებული, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სხვადასხვა ფორმატებში, ჩვენ ვიყენებთ ახალ ფორმატებს, მათ შორის მეგობარი ჯგუფის ქვეყნების ფორმატებს და გუშინაც ამ ფორმატით იქნა გაკეთებული განცხადებები. ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, მათ შორის მოწოდება დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, იყო მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წვდომა ოკუპირებული ტერიტორიებზე. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იყო მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე, მათ შორის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ჩვენ უკვე დიდი ხანია წარვადგინეთ, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ოკუპირებული ტერიტორიის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის განსახილველად. ეს არის ის სამშვიდობო ინიციატივები, რომლის მიმართაც არის საქართველო თანმიმდევრული და ამ მიმართულებითაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მთელი წლის განმავლობაში აქტიურ ქმედებას, იმისთვის რომ რუსეთის ფედერაციამ უპასუხოს საქართველოს მხრიდან გადადგმულ უაღრესად კონსტრუქციულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.