დავით ზალკალიანი - ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი ხაზს უსვამს სომხეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას
დავით ზალკალიანი - ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი ხაზს უსვამს სომხეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას

მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დავით ზალკალიანის თქმით, მეზობელ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო ურთიერთობების არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ამას კი ნამდვილად უწყობს ხელს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც დაგეგმილ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება განიხილება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, კულტურას, ხალხთა შორის ურთიერთობას. ბუნებრივია, ასევე ვისაუბრებთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველო და სომხეთი ორივე გახლავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები. წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება, შესაბამისად მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება, შეჯამება. ასევე აღსანიშნავია, რომ ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ერთობლივად გავუმკლავდეთ. ეს კოორდინაცია ძალიან ეფექტიანად განხორციელდა განვლილი დღეების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის დროსაც ჩვენ ვისაუბრებთ ერთობლივი ქმედებების ყველა ძირითად მიმართულებაზე, რომელიც დაგვეხმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში“, –  განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკვე გაიმართა შეხვედრა, რის შემდეგაც გიორგი გახარიამ და ნიკოლ ფაშინიანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს.​

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დატოვე კომენტარი