დავით ზალკალიანი - ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით წელს სერიოზული აქტივობები გვექნება
დავით ზალკალიანი - ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით წელს სერიოზული აქტივობები გვექნება

ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით წელს სერიოზული აქტივობები გვექნება, ველით ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივი  სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე გასული წლის შედეგები შეაფასეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ წელს ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული აქტივობები გვექნება. ველით ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში. დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა საქართველოში, ასევე სწავლება ნატო-ს ეგიდით. ეს მიმართულება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით აღიარებულია ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან, რაც გამოიხატა კიდეც ბრიუსელის სამიტზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგი ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის გამოყენების თვალსაზრისით, რაც მიმართულია საბოლოო მიზნისკენ – წევრობისკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ასევე, მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტია და, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სამხედრო კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივი სხდომა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის  ხელმძღვანელობით გაიმართა. მასზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.