დავით ზალკალიანი - ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელი სხდომა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, პარტნიორებისგან შენიშვნაც კი არ გამოთქმულა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
დავით ზალკალიანი - ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელი სხდომა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, პარტნიორებისგან შენიშვნაც კი არ გამოთქმულა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„ჩვენი ნატოელი პარტნიორები, ყველა ერთხმად არის საქართველოს მხარდამჭერი და იმ სამშვიდობო პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით და მათ შორის, პანდემიის პერიოდში, როდესაც ჩვენ უამრავ პრობლემას წავაწყდით, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების კუთხით, ასევე, უკანონო ბორდერიზაციისა და ადამიანების გატაცების მიმართულებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის განმარტებით, სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო შემთხვევის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას ეხება.

„ვისაუბრე ბოლო შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს მოქალაქე იქნა დაჭრილი და ამჟამად უკანონო ტყვეობაში იმყოფება ცხინვალში. ყველა პარტნიორი ერთხმად მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება, რუსეთმა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, პირველ რიგში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ასევე, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების აუცილებლობას და საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, რომლითაც საქართველო აღიარებულია, როგორც ნატო-ს ყველაზე ახლო და სანდო პარტნიორი.

„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის. ასევე, ქვეყანა არის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში და ჩვენი სამხედროების მოღვაწეობა და თანამშრომლობა ნატოელ პარტნიორებთან შეფასებულია უმაღლეს დონეზე.

მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. კერძოდ, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ გამოთქმულა შენიშვნაც კი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებთან და პროცესებთან დაკავშირებით.

ყველა ელის, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ, როგორც მანამდე იყო, ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც დაადასტურებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობას. ყველა ერთხმად აღნიშნავს და ვთანხმდებით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო ალიანსის მხრიდან ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა.