დავით ზალკალიანი - ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით შეხვედრა ხაზს უსვამს, რომ ნატო საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს
დავით ზალკალიანი - ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით შეხვედრა ხაზს უსვამს, რომ ნატო საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს

ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად, უმაღლესი დონის შეხვედრა სამიტის დონეზე იმართება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით ნატო-ს სამიტზე დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ტიპის შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში სამიტის დონეზე იმართება უმაღლესი დონის შეხვედრა. ეს უმაღლესი დონის შეხვედრა იმართება უკრაინასთან ერთად. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმის, რომ ნატო-სთვის საქართველო რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტის ჭრილში განიხილება.

შეხვედრის ძირითადი თემატიკაა თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით. იქნება მსჯელობა შავ ზღვაზე თანამშრომლობისა და უსაფრთხოების კუთხით.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შავ ზღვასთან დაკავშირებით, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები და ეს ნაბიჯები გამოიკვეთება შესაბამის დოკუმენტებში. ამ შეხვედრაზე ჩვენ რუსეთთან კონფლიქტის საკითხებზეც ვისაუბრებთ. უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველო უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი ამ ფორმატში. ველოდებით საქართველოს პროგრესის ასახვას ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით ნატო-ს სამიტზე შეხვედრა 12 ივლისს შედგება.