დავით ზალკალიანი - ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს პრემიერის შეხვედრები ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის დასტურია
დავით ზალკალიანი - ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს პრემიერის შეხვედრები ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის დასტურია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობის დამტკიცების შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება.

„ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელიც ასახულია პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში დაგეგმილი და გამართული შეხვედრები ემსახურება იმ პრიორიტეტებსა და მიღწევებზე საუბარს, რაც საქართველოს გააჩნია ამ გზაზე.

„კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რაც არის განმტკიცებული და გამყარებული ქვეყნის კონსტიტუციით და ბუნებრივია ის პოზიტიური გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის ჩათვლით და ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც გვაქვს ნატოელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან, აუცილებლად საჭიროებს შემდგომ ნაბიჯებს. საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით კვლავ გააგრძელებს სვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეფასებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელს 18-20 ივლისს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განიხილეს გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები. შეხვედრისას იმსჯელეს ბრიუსელის სამიტის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლობის ახალი სფეროების, კონკრეტულად შავი ზღვის უსაფრთხოების, კონტრმობილურობისა და ტერიტორიული თავდაცვის, დახურული კომუნიკაციების საშუალებებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებებით დაგეგმილ ერთობლივ აქტივობებზე. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი, ისევე, როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას, ასევე აახლოებს ქვეყნას ნატო-ში გაწევრიანებასთან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და განსაკუთრებით ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებული რეფორმები არის წარმატებული და შედეგიანი.

შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ახალი მთავრობის მზაობა, განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან, რათა მაქსიმალურად დააჩქაროს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს ევროკავშირში, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. ასევე შეხვედრა გაიმართება ბელგიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.